ახალგაზრდა ავტორის პირველი რომანი რთულ მხატვრულ ამოცანას ისახავს მიზნად - აღწეროს შინაგანი მოგზაურობის, თვითჩაღრმავების პროცესი და მკითხველიც აქციოს არამხოლოდ დამკვირვებლად, არამედ თანამგზავრად. მარტოობა ის დაძაბული სააზროვნო ველია, რომელშიც რომანის მთავარი გმირი სიკვდილ-სიცოცხლის საზრისების ამოხსნას ცდილობს. მარტოობა რეალობის საზღვრებსაც ეხება და მას მხატვრულ სინამდვილედ აქცევს. სწორედ აქ იწყება პროტაგონისტის - ახალგაზრდა რედაქტორის „ფილოსოფიური ვნება“ - საკუთარი გრძნობის და გონების ხაფანგებში მომწყვდეულმა, თავად უნდა ამოიცნოს, სად არის ჭეშმარიტი ცხოვრება: ცხადში თუ გამონაგონში?