იდუმალებით მოცული გერიატრიული ფსიქიატრი სახელად გაუსტინი, რომელიც დროის, კერძოდ, წარსულის ფენომენს იკვლევს, უჩვეულო კლინიკის გახსნას განიზრახავს. „წარსულის კლინიკაში“, რომლის თითოეული სართულიც ზედმიწევნით განასახიერებს გარდასულ ათწლეულებს, ალცჰაიმერით და მეხსიერების დაქვეითებასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებით გატანჯულ პაციენტებს მკურნალობის ახლებურ, იმედისმომცემ მეთოდს სთავაზობენ – გარემოს ყოველი დეტალი, ავეჯით დაწყებული და სახასიათო სურნელებით დამთავრებული, უზუსტესადაა გათვლილი, რაც მნახველს მისთვის ბედნიერ დროში დაბრუნების ფიზიკურ განცდას უჩენს; დროის საფარში მეხსიერების დახშული სარკმლები ნელ-ნელა იღება და ადამიანს თავისი თავი და ცხოვრება, თუნდაც ნაწილობრივ, ახსენდება.
გაუსტინს ამ კლინიკის მოწყობასა და ფუნქციონირებაში მისი ასისტენტი, ამ ამბის უსახელო მთხრობელი ეხმარება, რომელიც დროსაფარისა და მის გარშემო მოულოდნელად განვითარებული მოვლენების ჟამთააღმწერლადაც იქცევა…
მწერალი, პოეტი და დრამატურგი გეორგი გოსპოდინოვი ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში ცხოვრობს. 1989 წლის შემდეგ იგი პირველი ბულგარელი მწერალია, რომლის ნაწარმოებებიც ყველაზე მეტ ქვეყანაშია გამოცემული. 2023 წელს ბუკერის საერთაშორისო პრემიის გამარჯვებული რომანი – „დროსაფარი“ – მისი რიგით მესამე რომანია.
მთარგმნელი: ალექსი სიუკაევი