მცხუნვარე მზის გულზე გადაჭიმული იმპერიის სასაზღვრო გარნიზონში ჩაგუბებული სიმშვიდე ამ წიგნის პირველივე წინადადებიდან ირღვევა. ადამიანი თვალებზე აფარებული შავი შუშის დისკოებით, აპოკალიფსის რომელიღაც მხედარივით ჩამოიქროლებს და თან მივიწყებული მტრის ხატსა და ახალ წესრიგს მოიტანს. იმპერიის გასაძლიერებლად ყველა ხილული თუ გამოგონილი საფრთხე უნდა განადგურდეს და აღიგავოს მიწისაგან. ის უნდა მიეცეს დავიწყებას, როგორც ხსოვნა, რომ ოდესღაც, ეს ქვიშის კუბოში ჩაწოლილი უდაბნო, უკიდეგანოდ გადაჭიმული ოკეანის სანაპირო იყო.
ნობელის პრემიის ლაურეატ ჯ. მ. კუტზეეს „ბარბაროსების მოლოდინში“ გამომცემლობა „პინგვინის“ სერია „მეოცე საუკუნის საუკეთესო წიგნების“ ოცეულშია შეტანილი. 1982 წელს ნაწარმოები ნომინირებული იყო ფილიპ დიკის პრემიაზე.
ნობელის პრემიის კომიტეტის კომენტარი: „ჯოზეფ კონრადის საუკეთესო ტრადიციით შექმნილი პოლიტიკური ტრილერი, რომელშიც მიამიტი იდეალისტი ჯოჯოხეთის კარიბჭეს შეაღებს“.