„ლუმპენ მილენიუმი“ ასრულებს ბესო სოლომანაშვილის ტრილოგიას, რომელშიც ავტორმა თავისი წინა ნაწარმოებები – დიდი მოთხრობა „ზამორა“ და რომანი – „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“ გააერთიანა. ტრილოგია საქართველოს უახლესი ისტორიის ერთგვარი ისტორიული ექსკურსი და ბოლო ასწლეულის გადააზრების მცდელობაა.
რომანი იმ ოჯახებისა და მათი შთამომავლების საგაა, რომლებიც 1921 წლის მოვლენების შემდეგ სხვისთვის წართმეულ სახლებში ჩაასახლეს. ამბის ერთ-ერთი პროტაგონისტი, ელიზბარ ხარჯახიშვილი იარაღად იყენებს ბოლშევიკებისა და მათი მემკვიდრე კომუნისტების ყველა მეთოდს და მანკიერებას – სიზარმაცეს, სიხარბეს, სისასტიკეს, მოსყიდვას, გაუნათლებლობას, სიმდაბლეს, აგრესიულ პროვინციალიზმს, ქრთამს, დაბეზღებას. ადამიანური ურთიერთობების ფონზე ჩანს საბჭოთა კავშირის სისტემის მთელი საშინელება, რომელიც დროდადრო გროტესკული აბსურდის სახეს იძენს.