„თუ ჰოლმსი არ მოვკალი, მაშინ ის თავად მომიღებს ბოლოს “ – 1893 წელს ართურ კონან დოილმა გადაწყვიტა, შერლოკ ჰოლმსის შესახებ აღარაფერი დაეწერა. თუმცა, მოთხრობას, რომელშიც ჰოლმსი იღუპება, მკითხველები აღშფოთებით შეხვდნენ; ისინი დაჟინებით ითხოვდნენ დეტექტივის დაბრუნებას და ავტორიც იძულებული გახდა, გაეცოცხლებინა გმირი. ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი, ლეგენდარული გამომძიებელი შერლოკ ჰოლმსი, დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. კონან დოილმა 4 რომანი და 56 მოთხრობა დაწერა შერლოკ ჰოლმსზე და ყოველი მათგანი დეტექტიური ჟანრის კლასიკად იქცა. ჩახლართული დანაშაულის შესახებ დოქტორი უოტსონი გვიამბობს, თუმცა, გამოძიების ბოლომდე არც მას და არც მკითხველს არ ესმით, როგორ ხსნის დეტექტივი ყველაზე იდუმალ დანაშაულს, სანამ ამბის დასასრულს თავად არ განგვიმარტავს „დედუქციური მეთოდის“ საიდუმლოს.