კლარის ლისპექტორის პირველი ნაწარმოები, „ველურ გულთან ახლოს“ 1943 წელს გამოიცა. შინაგანი მონოლოგებით დაწერილი რომანი იმ დროის ბრაზილიურ ლიტერატურაში რევოლუციური მოვლენა გამოდგა და როგორც მკითხველთა ფართო წრის, ისე კრიტიკოსების აღტაცება დაიმსახურა. წიგნმა ბრაზილიის ლიტერატურის აკადემიის მიერ დაფუძნებული „გრასა არანიას ფონდის“ პრემია მიიღო.
კლარის ლისპექტორი დღემდე რჩება ბრაზილიური ლიტერატურის იდუმალ ფიგურად. თავის ერთადერთ სატელევიზიო ინტერვიუში იგი საკუთარ თავს მწერალს არ უწოდებს: „პროფესიონალი არ ვარ, მხოლოდ მაშინ ვწერ, როცა მინდა. მოყვარული ვარ და მინდა ასეთად დავრჩე… ვფიქრობ, ჩემი გაგება არა გონების, არამედ გრძნობის საქმეა, ან მოქმედებს შენზე, ან არა“.
„სინამდვილეში მსახიობი უფრო ვარ, ჯერ მარტო პუნქტუაციით, ინტონაციით ვჟონგლიორობ, სხვის სუნთქვას ვაიძულებ, ჩემს ტექსტს გამოჰყვეს“, – ამბობს კლარისი პერსონაჟის ენით თავის უკანასკნელ რომანში „ვარსკვლავის დრო“ (1977). როგორც ამ ნაწარმოების შესახებ თავად აღნიშნავდა, „ეს არის გოგოს ისტორია, რომელიც ისეთი ღარიბია, რომ მარტო ჰოთ-დოგს ჭამს. თუმცა ამბავი ამაზე არ არის… ის ფეხქვეშ გათელილ უმანკოებაზეა, უცნობ სიღატაკეზე“.