„ვიბრამები“ სქელლანჩიან, ალპინისტების ან სათხილამურო ფეხსაცმელს ჰქვია, რომელიც გასული საუკუნის 40-იან წლებში, იტალიელმა მთამსვლელმა და საქმოსანმა, ვიტოლე ბრამანმა სრულიად პრაქტიკული მიზნით შექმნა, თუმცა მალევე მთელ მსოფლიოში თავისუფლებისა და ხარისხის სიმბოლოდ იქცა. მათ შორის, საბჭოთა კავშირშიც.
ეს სიმბოლო-მეტაფორა კახაბერ მელითაურის კრებულის მხატვრული კონცეპტიცაა - მკაფიო ძალა/სულიერი ენერგია, რომელიც დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად, მაინც ამოიზიდა საბჭოთა წარსულში, მისივე ოპონენტად თუ ალტერნატივად; ძალა, რომელმაც სისტემის მიერ მონად ჩაფიქრებულ ადამიანში თავისუფლების ცეცხლი გააღვივა და მისი სულიერ-შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოუდგენელი სიხშირით გამოავლინა.
კახაბერ მელითაურის მხატვრულ-დოკუმენტური მოთხრობები ჩვენი უახლესი წარსულის შთამბეჭდავი რეტროსპექტივაა. ეპოქალური/სისტემური ცვლილებების ქაოსში მოყოლილი ადამიანების/თაობების ბედი, მათი დაპირისპირება თუ ყოველგვარ ბოროტებაზე აღმატებული ჰარმონია, საქართველოს ფიზიკურ-მეტაფიზიკური ლანდშაფტები, გადარჩენისა და გმირობისთვის ბრძოლის ბრწყინვალე მაგალითები - ამ ყველაფერზე დიდი გატაცებით, იუმორით, ზოგჯერ დიალექტის ზუსტი საკმაზით და რაც მთავარია, უსაზღვრო ადამიანური თანალმობით მოგვითხრობს ავტორი.