ამბავი, რომელსაც ავსტრიული ლიტერატურის კლასიკოსი, ვენური მოდერნიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელი და მე-19-20 საუკუნეების მიჯნის საზოგადოების ფსიქოპორტრეტის მკვლევარი არტურ შნიცლერი გვიყვება, ასი წლის წინ მოხდა, თუმცა ასი წლის წინ არ დაწყებულა.
„ტერეზა“ არ გახლავთ ერთი ქალის ამბავი, არამედ ამბავია ქალისა, რომელიც არაფერს ითხოვდა დანახვის, აღიარების, სიყვარულის, ბოლოს კი სიმშვიდის გარდა – მხოლოდ იმას, რაც ნებისმიერ ადამიანს სჭირდება ცხოვრების, ცხოვრების ხალისის, ცხოვრების სურვილისათვის.
ტერეზა წიგნის მთავარი გმირია, თუმცა ავტორისთვის, მასთან ერთად კი მკითხველისთვისაც, უფრო საინტერესო იმ საზოგადოების კვლევაა, რომელიც ფართოდ დახუჭული თვალებით მიუყვება ერთი გოგონას ცხოვრებას. ეს არის საზოგადოება, რომელიც გაკიცხვისა თუ შეცოდების, თანაგრძნობისა თუ გამხნევების პოლუსებზე ისე ინაცვლებს, რომ ვერც ხვდება, რომ ამ სამსჯავროს ერთ ჩვეულებრივ, თავისნაირ ადამიანს უწყობს.
მთარგმნელი: ანა კორძაია-სამადაშვილი