ჯანი როდარი სიყვარულისა და სასწაულების გამავრცელებელი მეზღაპრეა, გამბედავი პატარებისა და ახირებული უფროსების შესახებ გამაოგნებელი ამბების მთხრობელი. რა თქმა უნდა, ამ ჯადოსნურ და თან ნამდვილ სამყაროში მოგზაურობიდან საუცხოო შთაბეჭდილებებით დაბრუნდები. იქ აუცილებლად დაგხვდება ჭკვიანი და ერთგული შინაური ცხოველი; ასევე, სასაცილო პოლიციელი, ცხვრის ფარაში დამალული ბავშვები, წიკვინა დამლაგებელი, თმაგაბურძგნული მშიშარა პროფესორი და სხვა საკვირველი პერსონაჟები.
წარმოიდგინე, რომ იტალიაში, რომის გარეუბანში ცხოვრობ და ერთ მშვენიერ დილას ამ პატარა დასახლების თავზე, ცაში, უცხოპლანეტელთა ხომალდი ჩნდება; ესე იგი, წინ აუცილებლად ისეთი თავგადასავალი გელის, რომელსაც შენი თანატოლები სულმოუთქმელად წაიკითხავენ.
კი, მაგრამ მაინც რა ხდება? მარსელების თავდასხმაა? ან იქნებ ჩვენგან განსხვავებული არსებები მფრინავი თეფშით შორეული გალაქტიკებიდან მოფრინდნენ? ამ წიგნიდან შეიტყობ, როგორ შეიძლება, ძალიან ცუდი, საძულველი იარაღი (ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვოთ, რომელი) უცბად იქცეს უკარგეს, საყვარელ რამედ (ესეც კიდევ ერთი საიდუმლო) – თანაც, ისეთ შესანიშნავ, ბუმბერაზ რაღაცად, რომლისკენაც მთელი ქალაქის პატარები, თავქუდმოგლეჯილნი, სიხარულით გაიქცევიან. მერედა, ცაში დაკიდებული ხომალდის თავსატეხს ვინღა ამოხსნის? კი, სწორად მიხვდი, ბავშვები.