ანდრეი პლატონოვი (1899-1951) მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსია. მისი მოთხრობის სახელწოდების მიხედვით შეიძლება „მშვენიერი და ამასთანავე ულმობელი წუთისოფლის“ ჟამთააღმწერელიც ვუწოდოთ.
1929 წელს პლატონოვმა გამოაქვეყნა მოთხრობა „დაეჭვებული მაკარი“, რომელიც სტალინმა მავნედ მიიჩნია. მწერალს თავს დაატყდა ბოლშევიკური კრიტიკის ქარცეცხლი და მკითხველისკენ გზა დაეხშო.
„ჩევენგური“ პლატონოვის ცნობილი რომანია. ჩევენგურელ ბოლშევიკებს კომუნიზმის დამყარება სურთ და მიაჩნიათ, რომ ამისთვის ქონება უნდა მოსპონ. რადგან ქონება შრომით იქმნება, ადამიანმა არ უნდა იშრომოს, მისი საზრდოობა კი მზეს უნდა დაეკისროს. რომანის გმირები მქონებლებს (ბურჟუებს) ერთიანად ამოჟლეტენ და მხოლოდ უქონლებს (პროლეტარებს) დატოვებენ. მაგრამ განახორციელებენ თავიანთ ოცნებას?
ანდრეი პლატონოვის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები სამშობლოში, რუსეთში, მისი გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგ გამოქვეყნდა. ეს მას მერე მოხდა, რაც უცხოეთში დაიბეჭდა და კლასიკოსის სახელი მოუპოვა ავტორს.