მთარგმნელი: ეკა სუმბათაშვილი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკისა და სინგაპურის მეთოდის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული მრავალფეროვანი აქტივობების მიზანია, ბავშვებს მათემატიკისადმი ინტერესი გაუღვიძოს. დავალებები თანდათან რთულდება, ამიტომ რეკომენდებულია მათი მრავალჯერ შესრულება.
აქტივობების რვეული მოიცავს სამ ძირითად ეტაპს:
კონკრეტულს: ბავშვი ნივთების (სამუშაო ბარათები, სათამაშო კუბები…) გამოყენებით ეცნობა რაოდენობის, სიმრავლის და ა.შ. ცნებებს.
წარმოსახვითს: ბავშვი გრაფიკული ფორმით (ნახატებით, ცხრილებით) წარმოიდგენს რიცხვებს და იმ ყოფით გარემოებებს, როცა მათემატიკას ვიყენებთ.
აბსტრაქტულს: ბავშვის კონკრეტული და წარმოსახვითი წარმოდგენები თანდათან გარდაიქმნება მათემატიკურ ოპერაციებად.
რვეულის დახმარებით, ბავშვი:
აღმოაჩენს და აითვისებს ახალ ცნებებს აქტივობებით, რომელთა შესასრულებლად უმთავრესია ზეპირი მსჯელობა; გაეცნობა რიცხვებს (1-იდან ჯერ 3-ის, შემდეგ 6-ის და, ბოლოს, 10-ის ჩათვლით), ზომას, სიგრძესა და სიმაღლეს, გეომეტრიულ ფიგურებს, შეკრება-გამოკლების საფუძვლებს.
განიმტკიცებს ცოდნას აქტივობებით, რომელთა შესრულებას სჭირდება რაოდენობების სქემატურად გამოსახვა და მათი წარმოდგენა მათემატიკური სიმბოლოებით.
გამოიყენებს ამოსაჭრელ მასალას: საანგარიშო ზოლებს, რიცხვებიან ბარათებს, კუბებს, გეომეტრიულ ფიგურებს და ა.შ., რაც დაეხმარება მას, ადვილად დაძლიოს სწავლის კონკრეტული და წარმოსახვითი ეტაპები.