საბჭოთა კავშირი არსებობის ბოლო დღეებს ითვლის, მიხაილ გორბაჩოვი კი მეტაფორაზე ძველი სპარსული ტრაქტატის მოძიებას ავალებს პარიზში ჩანერგილ კა-გე-ბე-ს ჯაშუშს – სჯერა, რომ ამ დაკარგული ხელნაწერის მეშვეობით შეძლებს განწირული იმპერიის გადარჩენას. ისტორიის შემობრუნება გორბაჩოვს არ დასცალდება, სამაგიეროდ, ჯაშუში იმ მოუხელთებელ, ამოუცნობ სიტყვებს ეზიარება, რომელთა იდუმალი ლანდი მთელი ცხოვრება არ ასვენებდა და რომლებიც აურაცხელ ქონებას და ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში აბსოლუტურ ძალაუფლებას მოაპოვებინებენ. „ესაა მოციმციმე სიტყვები, გამოუძიებელი და გამოუკვლეველი და უფროსღა გამოუთარგმნელი, სამყაროს პირველწყარო. ისმინე მათი ფაქიზი შრიალი, განჭვრიტე მათი ლაღი მოძრაობები, იხარე მათთან ერთად“.
მაგიური რეალიზმისა და ალტერნატიული ისტორიული ჟანრის რომანი ნებადართული ჯადოქრობა ირაკლი მეტრეველის მეორე წიგნია.