სამშობლოდან გადახვეწილი სალმან რუშდი ასევე სამშობლოდან გადახვეწილი კაცის ამბავს გვიყვება. წარსულისგან გაქცეული ნერო გოლდენი, ვაჟებთან ერთად, კლოუნის მიერ მართულ ამერიკაში იშენებს ოქროს სახლს, ცხოვრებას გველის ტყავივით იცვლის და სწორედ მაშინ, როდესაც თავის სამშვიდობოს დაგულებით იწყებს ტკბობას, ქათმის ფეხებზე შემდგარი ქოხიდან გამოწვდილი კლანჭებით აფრინდებიან.
ეს არის წიგნი ემპათიაზე, რომლის გამოხატვის არჩევანის წინაშე, პერსონაჟების გარდა, მკითხველიც დგება. მანაც უნდა განსაჯოს, დაიცვას, ბრალი დასდოს და განაჩენიც გამოუტანოს სახეცვლილებს და ცვლილების მომლოდინეებს, ზურგში დანაჩაცემულებს და დანის ჩამცემებს და მათაც, ვისთვისაც ეს ყველაფერი მხოლოდ ბოლივუდი იყო და ფილმის ფინალში უდარდელ ცეკვას გეგმავდა.