მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე
წიგნის დიზაინერი: ხატია ჩიტორელიძე
ფოტო: Agnete Brun
„სეპტოლოგია“ იუნ ფოსეს განსაკუთრებულ ნაწარმოებად მიიჩნევა. ის სამი წიგნისგან შედგება და შვიდ ტომს მოიცავს. პირველი წიგნი „სხვა სახელი“ 2019 წელს გამოიცა. რომანის მთავარი გმირია მხატვარი ასლე, რომელიც დასავლეთ ნორვეგიის ერთ პატარა დაბაში განმარტოებით ცხოვრობს. ასლეს სეხნია ასევე მხატვარი მეგობარიც მარტო ცხოვრობს ბერგენის მახლობლად. პირველი ასლეს პარალელურად მეორე ასლეს ყოფასაც ვეცნობით, თანდათან კი ორი მეგობრის ბედი უცნაურად ერწყმის ერთმანეთს. უჩვეულო სიუჟეტი, თავისებური თხრობის მანერა და საოცარი მონოლოგები ხელოვნებასა და ღმერთზე, მკითხველს პირველივე გვერდიდან აჯადოებს.
„ყველა ადამიანი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ცოცხლებიც, მკვდრებიც, დაუბადებლებიც და ის, რასაც ერთი კაცი აკეთებს, ერთგვარად, სხვა ადამიანის გაკეთებულისგან არაფრით განსხვავდება- მეთქი ვფიქრობ, ჰო, ქრისტემ იცხოვრა, გარდაიცვალა და აღდგა და ღმერთს შეუერთდა, როგორც ერთი კაცთაგანი, ჰო, ყოველი კაცი ასეა იმ თვალსაზრისით, რომ ისინი არიან ადამიანები ქრისტეში, ნებსით თუ უნებლიეთ, ღმერთთან, ქრისტეში და ქრისტეთი არიან დაკავშირებულნი, ჰო, ძე კაცის წყალობით, იციან ეს თუ არ იციან, სჯერათ თუ არ სჯერათ, ასეა, სიმართლე სწორედ ესაა“
ნორვეგიელი დრამატურგი, მწერალი და მთარგმნელი იუნ ულავ ფოსე ლიტერატურის დარგში 2023 წლის ნობელის პრემიის
ლაურეატია. ფოსეს ეს უმაღლესი ჯილდო ენითა და შინაარსობრივად ინოვაციური პიესებისა და რომანებისთვის გადასცეს, რომელთა საშუალებითაც ავტორი „უთქმელსაც ხმას ანიჭებს“. ფოსეს პიესები მსოფლიოს მრავალ სცენაზე წარმატებით იდგმება. მას თანამედროვე იბსენადაც მოიხსენიებენ არა მხოლოდ თეატრალურ წრეებში პოპულარობის, არამედ თანამედროვე დრამატურგიაში ახლებური ხედვის დამკვიდრებისა და, ამავდროულად, ტრადიციების შენარჩუნების გამო.
იუნ ფოსე ნორვეგიული ენის ერთ-ერთ ლიტერატურულ ფორმა ნინოშკზე (Nynorsk – ახალი ნორვეგიული) წერს. მისი ნაწარმოებები ორმოცდაათზე მეტ ენაზეა თარგმნილი. ფოსემ ლიტერატურათმცოდნეობის კურსი ბერგენის უნივერსიტეტში გაიარა. მუშაობდა ჟურნალისტად, ლიტერატურის კონსულტანტად და მასწავლებლად. მისი ერთ-ერთი სტუდენტი იყო ასევე ცნობილი ნორვეგიელი ავტორი, კარლ უვე კნაუსგორი.