„ამ ორმა ხატმა – ეკრანმა და მაყურებელმა – მთელი ჩემი ცხოვრების წესზე, „პირად ისტორიაზე“, ე. ი. ბიოგრაფიაზე, იმოქმედა… ჩემი სათვალე ხშირად ილაქებოდა ხოლმე ცრემლით – ხან კინოგმირები მატირებდნენ, ხანაც ცოცხალი ადამიანები – რეალური ცხოვრება, რომელიც ჩემს თაობას მძიმე და მართლაც სატირალი გვქონდა.
ამ ცრემლის ისტორია თაობის ისტორიაა – იმ თაობისა, რომელიც ხრუშჩოვის გადაყენებისა და „ოტტეპელის“ დასრულების შემდეგ მივიდა სკოლაში, ბრეჟნევის ეპოქაში ისწავლა და „პერესტროიკის“ ხანაში დაიწყო მუშაობა… მერე კი დაიშალა, დანაწევრდა – სამოქალაქო ომით, აფხაზეთით, ქვეყნიდან გაქცევით, კულტურის დანგრევითა და კულტურის ნაცვლად ფსევდოკულტურით, ნარცისების ბაღნარის აშენებით.
კინოს მოყვარულები ცნობილი „ვუაიერისტები“ რომ არიან, ამას უკვე თავად აღიარებენ. ჩვენ ყურება უფრო გვიყვარს, ვიდრე ცხოვრება; დაკვირვება, ცქერა და თვალთვალი მთელ ქვეყანას გვირჩევნია; ჩვენ თითქოს არა ვართ ამქვეყანაზე, არ ვმონაწილეობთ ისტორიულ პროცესებში. მხოლოდ ვაკვირდებით… და ვითომ რატომ არ უნდა მოინდომოს კაცმა, დაწეროს ერთი წიგნი მაინც იმაზე, რაც ნახა და რასაც დააკვირდა?!“
გოგი გვახარია